logo
ENG



"გადავწყვიტე დავბრუნდე სახალხო პარტიაში" - გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის

11 აგვ 202111:09
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი პოლიტიკაში მიდის. როგორც ის ამბობს, გადაწყვიტა, რომ "სახალხო პარტიაში" დაბრუნდეს, სადაც მისი თქმით, პირველი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. გოგაშვილმა ეს facebook-ზე დაწერა.

"გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამერიკული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის, მარტინ ლუთერ კინგის მსგავსად, 2012 წლის გარიჟრაჟზე, მეც მქონდა ოცნება, რომ უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით, სადაც დემოკრატია, სამართლიანობა და თანასწორობა იზეიმებდა. გამოჩნდა თითქოს კიდევ ერთი იმედის ნაპერწკალი წლების შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ეს ოცნება "ოცნებამვე" დაანგრია. ისევ იმ მორევმა ჩაგვითრია, სადაც ბედნიერად თავს მხოლოდ ერთეულები გრძნობენ. ვთვლი, რომ ახლა, ჩემი მხრიდან მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ყოფნა დანაშაულის ტოლფასია.

გადავწყვიტე დავბრუნდე სახალხო პარტიაში, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები. პარტიაში, რომლის თავმჯდომარეც და ძველი წევრებიც სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ამაყად დაწყებულიყო სიტყვებით: ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი! მათ ეს შეძლეს და მჯერა, რომ დღესაც, ჩვენ ერთად შევძლებთ ხელისუფლების წყაროდ კვლავ ვაქციოთ ხალხი", - წერს გოგაშვილი.

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. 

ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა